საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა არასაარჩევნო პერიოდში საქმიანობის პრიორიტეტები მიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამების განხორციელებაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ახალი პროექტი - სტუდენტური დებატ-კლუბი, რომლიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ამომრჩევლებში - სტუდენტებში საარჩევნო კულტურის ამაღლებას, საარჩევნო სამართლის დარგში ცოდნის გააღრმავებას და მათ აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში.
სტუდენტური დებატ-კლუბის პროექტის მიზანია სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებზე სტუდენტების ინტრესის, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავება, რაც გულისხმობს სწრაფი აზროვნებისა და მოკლე დროში გუნდური გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას, სპიკერის როლის მორგებასა და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარების ჩამოყალიბებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 28 მაისს სწავლების ცენტრში გაიმართა შეხვედრა სტუდენტური დებატ-კლუბის პროექტში ჩართულ სტუდენტებთან. ამ პროექტში მონაწილეობას ღებულობენ თბილისის იმ უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც მიმდინარე სემესტრში გადიან სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს საარჩევნო სამართლის დარგში. თითოეული უნივერსიტეტის გუნდი წარმოდგენილია ოთხკაციანი შემადგენლობით. შეხვედრაზე წილისყრით მოხდა მოპაექრე გუნდების დაჯგუფება და სადებატო თემების განაწილება. წილისყრამ გამოავლინა რომ:
თემაზე: „მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან უნდა მიენიჭოს აქტიური საარჩევნო უფლება“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი.
თემაზე: „პარტიულ სიებში გენდერული კვოტა უნდა იყოს სავალდებულო“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი და სწავლების ცენტრის იურიდიული კლინიკის სტუდენტები.
სტუდენტური დებატ-კლუბის პროექტის საგაზაფხულო სესია გაიმართება ორ ეტაპად:
ნახევარფინალი - სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდება 2-2 გუნდი. ნახევარფინალის მიზანია გამოვლინოს 2 საუკეთესო გუნდი;
ფინალი - სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდება ნახევარფინალში გამარჯვებული 2 გუნდი. ფინალის მიზანია გამოავლინოს გამარჯვებული გუნდი.