2015 წლის 7 აპრილიდან ცესკოს სწავლების ცენტრმა იურიდიული კლინიკის ფორმატში დაიწყო სასწავლო კურსის განხორციელება საარჩევნო სამართლის დარგში, საქართველოს შემდეგი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი.
პირველი შეხვედრა გასხნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო სასწავლო კურსის მიზნები და მიღწევები. ასევე ესაუბრა იურიდიული კლინიკის სპეციფიკასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.
იურიდიული კლინიკის ფორმატში სასწავლო კურსის განხორციელების უზრუნველსაყოფად ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ მომზადდა ელექტრონული პრეზენტაციები და დამხმარე სახელმძღვანელო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის.
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. სწავლების ცენტრი აღნიშნულ სასწავლო კურსს, რომელიც სალექციო ხასიათს ატარებს და მთელ სემესტრს მოიცავს, ასევე ახორციელებს საქართველოს 19 პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.