საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის გაღრმავების ხელშეწყობა. ამ მიზნით ცესკოს სწავლების ცენტრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, 2010 წლიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით 19 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო კულტურის გაღრმავებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში („სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“), როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (მედიის სკოლა) სტუდენტებისთვის. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
2010 წლიდან დღემდე საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო კურსი გაიარა 2110 სტუდენტმა. სტუდენტები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის, სტუდენტურ დებატ-კლუბებში (სადაც სტუდენტები და მოწვეული ექსპერტები, პროფესორები მსჯელობენ საარჩევნო სამართლის დარგში არსებულ სხვადასხვა თემაზე); აქციებში ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის ღია ცის ქვეშ; შეხვედრებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან; სასწავლო პროცედურული ფილმის გადაღების პროცესში და სხვა.
სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს სწავლების კურსი, საარჩევნო პერიოდში დასაქმდნენ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, მათ შორის ცესკოს „კონტაქტ-ცენტრში“.
2013 წელს პროექტი - „სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“ ნომინირებული იქნა საერთაშორისო კონკურსში - „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2013“. საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოვების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროექტი ნომინაციაზე - „პირველი ამომრჩეველი“ აღიარებულ იქნა 2013 წლის ყველაზე ინოვაციურ და ორიგინალურ პროექტად, რომელსაც გააჩნია გრძელვადიანი შედეგები ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო კულტურის განვითარების მიმართულებით.
ცესკოს სწავლების ცენტრი პარტნიორი უნივერსიტეტების სასწავლო გეგმების შესაბამისად, 2014-2015 წლის მეორე სემესტრში სასწავლო პროგრამას ახორციელებს 10 უმაღლეს სასწავლებელში. მათ შორის:
ასევე იურიდიული კლინიკის ფორმატში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო სამართლის კურსი განხორციელდება შემდეგი უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან:
სასწავლო პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ მომზადდა ელექტრონული პრეზენტაციები, დამხმარე სახელმძღვანელოები ლექტორებისათვისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის.