მიმდინარე წლის 3–5 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და სიმპოზიუმი, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი - ნათია ზაალიშვილი მიწვეული იყო კონკურსის - „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2014“ ჟიურის წევრად. მსგავსი კონკურსი გაიმართა 2013 წელსაც, სადაც სწავლების ცენტრმა გაიმარჯვა და მიიღო „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2013“ პროექტისათვის „პირველი ამომრჩეველი“.
რაც შეეხება სიმპოზიუმს, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო პროცესების დაგეგმვა და მართვა, ტექნოლოგიების როლი საარჩევნო პროცესებში, საარჩევნო ბიუჯეტი და დონორების დახმარება, სხვადასხვა საარჩევნო საკითხების ბიომეტრიული გადაწყვეტილებები მობილურობის, უსაფრთხოების და იდენტურობის უზრუნველყოფის პროცესში, მედიასთან ურთიერთობები და ა.შ.
ყოველწლიურ სიმპოზიუმში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და საარჩევნო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.
სიმპოზიუმს ყოველწლიურად საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS) უწევს ორგანიზებას. წელს ღონისძიება სამხრეთ აფრიკის საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გაიმართა. სიმპოზიუმი, სადაც განიხილება არსებული გამოწვევები და მათი გადალახვის შესაძლო გზები, საარჩევნო პროცესების ეფექტურად მართვას და არჩევნებში ჩართული მხარეების ურთიერთობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.