2014 წლის 11 ივნისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციამ „გენდერული თანასწორობის ქსელი“ გამართა სამოქალაქო ფორუმი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ქ-ნ მანანა კობახიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ბ-ნი გიორგი ვოლსკი. სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა ისაუბრა ცესკოს, სწავლების ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გენდერული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა - ნინელი ფუტკარაძე (ბლოკი ქართული ოცნება „თავისუფალი დემოკრატები“), ხათუნა გოგორიშვილი (ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), მანანა ნაჭყებია (პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“), ბელა სარია („სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“) წარადგინეს პრეზენტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მოწვეულმა ექსპერტმა თამარ ბაგრატიამ მონაწილეებს გააცნო გენდერული პარამეტრები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.