ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ცესკოს თავმდჯომარის თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით დელეგაციის წარმომადგენლებმა - კომისიის წევრმა დავით გურგენიძემ და საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.
ცესკოს დელეგაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) ერთად, შეხვედრების მონაწილეებს გააცნო კვლევის შედეგები, რომელიც 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა ცესკოსა და ICPS-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც სწავლების საერთაშორისო ცენტრმა ორგანიზაცია ICEP-ს (საარჩევნო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრი) დაუკვეთა და რომელიც საქართველოს მოსახლეობის საარჩევნო ფსიქოლოგიის შესწავლის მიზნით განხორციელდა.
„დემოკრატიული ოპტიმიზაციის ანალიზი, - მოქალაქეთა იმედების და საარჩევნო პროცესების დაკავშირება საქართველოში“ - ამ სახელწოდების კვლევის ფარგლებში 2021 სრულწლოვანი რესპოდენტი გამოიკითხა. მეთოდი, რომლითაც აღნიშნული კვლევა განხორციელდა, ICEP-ის ექსპერტებმა მაიკლ ბრუტერმა და სარა ჰარისონმა შეიმუშავეს და ცესკოსთან არსებულ სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით განახორიციელეს.
კვლევის შედეგების მიხედვით ქართული საარჩევნო დემოკრატია არის ჯანსაღი. დოკუმენტში, ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისიის უწყვეტი დადებითი საქმიანობა ნდობისა და პოზიტიური განწყობების შენარჩუნებისთვის.