რეგიონული მედიის წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებზე სამ დღიან ტრენინგს გადიან. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისთვის სწავლება 8-10 ოქტომბერს იმართება.
დღეს, თბილისში დაგეგმილი ტრენინგი, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს 30 მედია წარმომადგენელი ესწრება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და არჩევნებში მედიის ჩართულობის როლზე და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მონაწილეებს ასევე მიესალმა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ქალბატონი ნათია ზაალიშვილი.
9 ოქტომბერს სწავლება ქუთაისში შედგება, ხოლო - 10 ოქტომბერს, ბათუმში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს, განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მედიის როლი საარჩევნო პროცესში, მედიის უფლებრივი მდგომარეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და ა.შ. ტრენინგის პრაქტიკული სწავლების ფორმატში, ასევე მოეწყობა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო ფილმის ”კენჭისყრის დღის პროცედურების” ჩვენება.
ტრენინგებს რეგიონული მედია საშუალებებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან, მედიამონიტორინგის ცენტრთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.