ცესკომ და სწავლების ცენტრმა, 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადება უზრუნველყო.
სწავლების ცენტრის ტრენერებმა ჯამში 30 სატრენინგო სესია ჩაატარეს. პროფილურად მომზადებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად:
სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის პროცესის პროცედურებს და ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების პრაქტიკულ საკითხებს, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრატორების როლსა და პასუხისმგებლობას ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის, დაკვირვების ხელმისაწვდომობის, ხმის მიცემის ფარულობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე იყო დაფუძნებული და მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებასა და კენჭისყრის პროცესის ცალკეული ეტაპების სიმულაციას. კომისიების წევრებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული ინსტრუქტაჟი ამომრჩეველთან კომუნიკაციისა და ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით განმარტებების მიწოდების შესახებ.
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა ეტაპების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე.
არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ასევე განახორციელა წალკის, ვანის, ახმეტის და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა განიხილეს მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენება, საარჩევნო დავების გადაწყვეტა და ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმები.
ამასთან, ცესკომ და სწავლების ცენტრმა არჩევნების პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსები მოამზადა. რესურსები მოიცავს საარჩევნო ადმინისტრატორებისა და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს, ეთიკის სტანდარტებსა და საქმიანობის პრაქტიკულ საკითხებს. მომზადებული რესურსები ხელს უწყობს კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას და ამომრჩეველზე ორიენტირებული, პროფესიული და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობის გაძლიერებას.