ცესკო და სწავლების ცენტრი, 2026 წლის 3 ოქტომბერს წალკის, ახმეტის, დმანისის და ვანის მუნიციპალიტეტებში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების ინტენსიურ პროგრამას იწყებს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას საარჩევნო ელექტრონული აპარატებით წარმართავენ, ხუთ ეტაპად განხორციელდება, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას აპარატების გამოყენების გარეშე წარმართავენ, პროფილური სწავლება ოთხ ეტაპად ჩატარდება.
2026 წლის 2 სექტემბერს დაგეგმილია I ეტაპის ტრენინგები, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) გადამზადებას დაეთმობა.
სპეციალიზებული პროგრამის შესაბამისად, მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციის ფარგლებში კენჭისყრის დღემდე პერიოდში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისების შესახებ: ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების და ცვლილებების შეტანის სერვისი; გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის სერვისი; ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის სერვისი. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიაში საქმისწარმოების სტანდარტიზაციის მიზნით, საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები განიმტკიცებენ პროცედურულ ცოდნას სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესის შესახებ.
ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის თემატური სავარჯიშოს შესრულება.
I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.