ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ნათია ზაალიშვილთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტებს შეხვდნენ.
ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მათ როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ განათლება და სწორი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უწყობს ხელს არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო კულტურის განვითარებას.
ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა კი ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამოხატული ინტერესისთვის. ნათია ზაალიშვილმა თსუ-ს სტუდენტებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროექტებში ჩართულობით ისინი შეძლებენ უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულები საარჩევნო საკითხების შესახებ.
თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილმა მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ცესკო და სწავლების ცენტრი ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცესკოს დასწავლების ცენტრის ახალ პროექტზე, რომელიც ორიენტირებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) სტუდენტებისთვის. აღნიშნულ პროგრამაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართული და საარჩევნო ადმინისტრაციამამ პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაცია 100-ზე მეტ სტუდენტს მიაწოდა.
როგორც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თავართქილაძემ აღნიშნა პროექტის „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისთვის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელმაც უწყების არაერთი ინიციატივის მხარდაჭერა განახორციელა. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება და გაძლიერდება.
თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ახალგაზრდებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის გაძლიერებას და მათ მეტ ინფორმირებულობას.