სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) ცესკოს აპარატის თანამშრომლებისთვის ატარებს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებულ საბაზისო პროგრამას „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“.
კურსი 2026 წლის 2 ივნისს დაიწყო და 15 ივნისს ფინალური გამოცდით დასრულდება. ღონისძიება სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ცერცვაძემ გახსნეს. მისასალმებელ სიტყვაში მათ აღნიშნეს, რომ პროგრამა საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების სტრატეგიულ მიმართულებას ეხმიანება და ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტით საჯარო დაწესებულების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გადიან მნიშვნელოვან საკითხებს მოდულებიდან - ეთიკა, ადმინისტრაციული წარმოება, კომუნიკაცია, გუნდურობა და ეფექტიანი მომსახურება. სასწავლო პლატფორმა ცესკოს აპარატის თანამშრომლებს ეხმარება, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, დაამუშაონ რთული პრაქტიკული ქეისები, აღმოაჩინონ საქმიანობის ეფექტიანი მართვის ახალი ინსტრუმენტები და კიდევ უფრო გააძლიერონ რეალური სამუშაო პროცესისთვის საჭირო უნარები. ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის ექსპერტები უზრუნველყოფენ.
სწავლების ცენტრს საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელებაზე აკრედიტაცია 2023 წელს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა.