28 აპრილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა. შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღე აღნიშნეს საარჩევნო ადმინისტრაციაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თამჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის იმ თანამშრომლებს, რომელთაც სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დაწესებული ეს დღე „უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს, როგორც ფუნდამენტური უფლების“ იდეას ეძღვნება, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად იზიარებს და მხარს უჭერს. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს თითოეული დასაქმებულისათვის უსაფრთხო, ღირსეული და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი საარჩევნო ადმინისტრაციის 45-მა თანამშრომელმა გაიარა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფად და ეფექტურად მოქმედება, ცეცხლმაქრის გამოყენების უსაფრთხოების წესები, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის პრაქტიკული მეთოდები. ტრენინგის ფარგლებში, თანამშრომლებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც აითვისეს. სიახლე იყო სახანძრო უსაფრთხოების სიმულაცია, რომელიც VR (ვირტუალური რეალობის) ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. VR ტექნოლოგიამ მონაწილეებს საშუალება მისცა, ვირტუალურ, თუმცა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გამოეცადათ კრიზისული სიტუაციები, შეესწავლათ ცეცხლმაქრის სწორად გამოყენება და ევაკუაციის გზების იდენტიფიცირება ყოველგვარი ფიზიკური რისკის გარეშე.
სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგების I ეტაპი 22-24 აპრილს ჩატარდა. სასწავლო კურსი დაიგეგმა და განხორციელდა ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, შრომის უსაფრთხოების სასწავლო ჰაბთან თანამშრომლობით. ამ მიმართულებით თანამშრომლებისთვის შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით არის განსაზღვრული. საარჩევნო ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები შრომის უსაფრთხოების საკითხების შესახებ სისტემატურად ტარდება.