ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით, ახალ საგანმანათლებლო ინიციატივას იწყებენ. პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ საჯარო სკოლების VII-X კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
სასწავლო პროგრამის მიზანი მოზარდებში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია, საარჩევნო კულტურის ამაღლება და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა.
პროგრამა მოიცავს სამდღიან ინტერაქციულ კურსს. მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული სიმულაციებისა და როლური თამაშების მეშვეობით გაეცნობიან დემოკრატიული არჩევნების არსს, მედიაწიგნიერების საფუძვლებსა და ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობას. ინიციატივა ხელს შეუწყობს მოზარდებში იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად.
პროექტი ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა როლის გაძლიერებას სასკოლო თვითმმართველობის არჩევნების პროცესში. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მიენიჭებათ „სკოლის საარჩევნო ამბასადორის“ სტატუსი, რაც მათ თანატოლებში საარჩევნო კულტურის გავრცელების დამატებით მოტივაციას შეუქმნის.
დღეს, 26 მარტს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და სწავლების ცენტრის დირექტორი პროექტის მოსამზადებელ ფაზას დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც ტრენერთა გადამზადება მიმდინარეობდა.
„ვფიქრობ, ცესკო და სწავლების ცენტრი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივას უყრიან საფუძველს. თანამედროვე ეპოქაში, მედიაწიგნიერების გარეშე, სულ უფრო რთული ხდება დეზინფორმაციის ამოცნობა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან მანიპულაციური ინფორმაციის ამოცნობის ინსტრუმენტებს, რაც უმნიშვნელოვანესია გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად“, — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.
„ჩვენი მიზანია, სასკოლო ასაკიდანვე შევუწყოთ ხელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. საარჩევნო ქცევა არის ჩვევა, რომელიც სკოლის გარემოში იწყება. პროგრამა განამტკიცებს მოსწავლეთა სამოქალაქო კომპეტენციებს. მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს მხარდაჭერისთვის“, — აღნიშნა სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა.
სასწავლო პროგრამის საპილოტე ფაზა თბილისის 50 საჯარო სკოლას მოიცავს, მომავალში კი პროექტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება იგეგმება.