ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2025 წლის 13 მაისიდან 29 მაისის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განახორციელა. პროგრამა მიზნად ისახავს საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.
სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით პირისპირ ფორმატში განხორციელდა. მონაწილეები, ამომრჩევლის სერვისზე ორიენტირებით, დეტალურად გაეცნენ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, მათ შორის, სატრენინგო რეჟიმში განახორციელეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვა. ამასთან, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნების პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესის პრაქტიკაში ტრანსფორმაციის მიზნით, მონაწილეების უშუალო ჩართულობით ჩატარდა აღნიშნული პროცედურების მოდელირება.
სასწავლო პროექტი სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 231 ტრენერის მიერ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 10 079-მა მოქალაქემ (ქალი-8742; კაცი-1337). ბენეფიციართაგან სრული კურსის გავლის სერტიფიკატი გადაეცა 9 317 პირს (ქალი-8153; კაცი-1164).