ცესკო და სწავლების ცენტრი იწყებს სერტიფიცირების გამოცდების ციკლს – სერტიფიცირების გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს რეგისტრაციის პროცესში.
მოქალაქეებს გამოცდის ჩასაბარებლად შერჩეულ ლოკაციებზე მომსახურებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული გამოცდის სამდივნოების წევრები გაუწევენ. სერტიფიცირების გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 37 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება: თბილისი (4 ლოკაცია), გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, დაბა შუახევი და ხულო (მუნიციპალიტეტების მიხედვით საგამოცდო ცენტრების მისამართები მოცემულია ბმულზე).
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 640-მა მოქალაქემ (ქალი-443; კაცი-197) დააფიქსირა.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 2705-მა მოქალაქემ (ქალი-2214; კაცი-491) დააფიქსირა.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 2227-მა მოქალაქემ (ქალი-1800; კაცი-427) დააფიქსირა.
სერტიფიცირების პროცესში უცვლელი ფორმით გამოიყენება ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საგამოცდო ტესტები, რომელიც ხელმისაწვდომია ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერზე „სერტიფიცირების პლატფორმა“. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა გამოცდები ასევე ჩატარდება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი საგამოცდო ტესტების გამოყენებით.
გამოცდისთვის მოსამზადებლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდა. ამ მიზნით, უნდა ეწვიოს ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს „სერტიფიცირების პლატფორმა“. იმიტირებული გამოცდის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
საგამოცდო ციკლის განხორციელების პერიოდი:
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების გაცნობის მიზნით ეწვიეთ ბმულებს:
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულება
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება
გამოცდის ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ:
გამოსაცდელი სერტიფიცირების გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, საგამოცდო თარიღისა და დროის დაცვით.
საგამოცდო დარბაზში დაშვების პროცედურის გავლის მიზნებისთვის, მოქალაქე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება: საგამოცდო დარბაზის დატოვება; ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება; გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება.
გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე, დაგვიანებით გამოცხადდება, ან გამოცდის მიმდინარეობისას დაარღვევს დადგენილ წესებს მოიხსნება გამოცდიდან.
სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 61 21 11
საარჩევნო ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს თითოეულ მონაწილეს!