სწავლების ცენტრმა, 2025 წლის 16-23 მაისის პერიოდში, 6 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებთან სემინარების ციკლი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახორციელა.
საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია 2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ, ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების გარანტიებზე, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობასა და ხელშემწყობ პირობებზე. შეხვედრებზე საარჩევნო ტექნოლოგიებიც განიხილეს, სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. სემინარების ჩატარება სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.
პარტნიორ უნივერსიტეტებში სემინარები პირისპირ შეხვედრების ფორმატში ჩატარდა, მასში მონაწილეობა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. პროგრამის მონაწილეებმა სასწავლო კურსი დადებითად შეაფასეს.
პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და ორიენტირებულია არჩევნების პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების აქტიურ და ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.