EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო სკოლებში სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელდა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა, 2025 წლის 17 თებერვლიდან 21 მარტის პერიოდში, საქართველოს საჯარო სკოლებში წარმატებით დაასრულა მასშტაბური სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო კულტურის განვითარებისთვის და საქართველოს მომავალი  თაობის აქტიურ ამომრჩევლებად ჩამოყალიბებისთვის. პროექტმა მოიცვა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 360 საჯარო სკოლა.

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში XI-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ ძირითად საკითხებზე: არჩევნების არსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა; საქართველოში დემოკრატიული არჩევნების განვითარების ისტორია და მოდერნიზებული არჩევნები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო და გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში; არჩევითი სახელმწიფო ორგანოები; საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები; არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები და მათი როლი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში; სიძულვილის ენის და დეზინფორმაციისაგან  თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი 360 საჯარო სკოლის 7604 მოსწავლემ გაიარა (ქალი-4438; კაცი-3166), მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) განლაგებული 56 საჯარო სკოლის 1166 მოსწავლემ (ქალი-679; კაცი-487).

პროექტის იმპლემენტაცია სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 101-მა ტრენერმა უზრუნველყო. ახალგაზრდებმა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა პოზიტიურად შეაფასეს.

პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. დღემდე საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 2066 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 41104-მდე მოსწავლემ გაიარა. 

ცესკო და სწავლების ცენტრი მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, საჯარო სკოლების დირექციასა და მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.