პენიტენციურ დაწესებულებებსა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ მყოფი ამომრჩევლების 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებას.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 11 ტრენერი საუბნო საარჩევნო კომისიებს (სრული შემადგენლობით) გააცნობს შემდეგ ძირითად საკითხებს: ამომრჩევლებისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა; კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდება სახელმძღვანელო პრინციპებსა და ეთიკის ნორმებზე, რომლის საფუძველზეც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა მანდატის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ საქმიანობის განხორციელება.
ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოს შესრულება.
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები 2024 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.