საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, პოლიციელებისთვის სპეციალიზებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ჩაატარა.
მასშტაბური პროექტი 2024 წლის 1-18 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა და მასში მონაწილეობა პოლიციის 1276-მა თანამშრომელმა მიიღო.
სწავლების ცენტრის და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის: საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მიზნით რისკების იდენტიფიცირება, პრევენცია და რეაგირების მექანიზმები.
კურსი ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდა. ინფორმირების პროგრამაში პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობით ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სატრენინგო სესიები გაიმართა როგორც ადგილზე, შსს აკადემიის ტერიტორიაზე, ისე დისტანციური პლატფორმის გამოყენებით.
პროექტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2024 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.