2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამა დასკვნით ეტაპზე გადადის.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგების ფინალური ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას დაეთმობა.
სესიები პროფილური მიმართულებების მიხედვით ჩატარდება:
სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს და ცოდნას მანდატს მიკუთვნებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდება შემდეგ ძირითად ასპექტებზე: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო, საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქციები კენჭისყრის პროცესში; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; კენჭისყრის მიმდინარეობაზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების და პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა; საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა; კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება; არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.
იმ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების ტრენინგების პროცესში, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, მნიშვნელოვანი ადგილი ასევე დაეთმობა შეხსენებითი ხასიათის სესიას ელექტრონული აპარატების მუშაობის საკითხზე.
ამასთან, დასკვნითი ეტაპის ტრენინგებზე მონაწილეები გაეცნობიან სწავლების ცენტრის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის მომზადებულ სამახსოვრო ინსტრუქციებს, რომელთა გამოყენება გათვალისწინებულია კენჭისყრის დღეს. აღნიშნულ დამხმარე რესურსებში ფუნქციების შესაბამისად სისტემატიზირებულია კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ შესასრულებელი საქმიანობები, რაც მიზნად ისახავს ტრენინგებზე მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში ერთგვაროვნად გამოყენების და კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობას.
სამახსოვრო ინსტრუქციები არჩევნების სახეობის მიხედვით მოცემულია ბმულებზე:
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშწყობის მიზნით სწავლების ცენტრმა უზრუნველყო სამახსოვრო ინსტრუქციების თარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული ენები).