სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან (უსკო) პარტნიორობით, არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს.
4 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში გამართული ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ საარჩევნო პროცესებში ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების მექანიზმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სტრატეგიული ამოცანის შესაბამისად, სწავლების ცენტრის ექსპერტ-ტრენერებმა, თემატურად შემუშავებული საინფორმაციო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკურ პარტიების ქალ წარმომადგენლებთან შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილეს: საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა; წარმატებული ქალების მაგალითები საარჩევნო/პოლიტიკურ ცხოვრებაში; გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, კიბერ-შევიწროება და მათი დაძლევისთვის საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ინსტრუმენტები. ამასთან, საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეები. მეტი თვალსაჩინოებისთვის მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ ელექტრონული აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის სიმულაციაში.
საინფორმაციო შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საჯარო პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ქალები ესწრებოდნენ (27 მონაწილე). პროექტი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმას ეხმიანება და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერას ითვალისწინებს.