საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, 23 სექტემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებში ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად პოლიციელების გადამზადება განისაზღვრა.
ინიცირებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, 24 სექტემბერს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ვახტანგ გაბრიჭიძემ სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, რომლის ფორმატში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის საინფორმაციო-სასწავლო პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.
გადამზადების პროგრამაში პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობით ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, კურსის ჩატარება ჰიბრიდული მეთოდით განისაზღვრა. სატრენინგო სესიები გაიმართება როგორც ადგილზე, შსს აკადემიის ტერიტორიაზე, ისე, დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. სწავლების ცენტრის მიერ, ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით, შემუშავებული პროგრამა „არჩევნები და უსაფრთხოება“ დაეთმობა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს: უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ეფექტიანი კომუნიკაცია საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის; კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების იდენტიფიცირება, პრევენცია და რეაგირების მექანიზმები.
პოლიციელებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო-სასწავლო კურსის იმპლემენტაცია გათვალისწინებულია 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. განხორციელებას სწავლების ცენტრის და ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
სწავლების ცენტრის დირექტორთან და შსს აკადემიის რექტორთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შსს აკადემიის პრორექტორი გიორგი ოსაძე, შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი იოსებ ჭიჭიკაშვილი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავა, სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე.
სწავლების ცენტრსა და შსს აკადემიას შორის პარტნიორობა მრავალწლიან თანამშრომლობას ეფუძნება და არჩევნების თავისუფალ, მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება.