საარჩევნო ადმინისტრაცია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ტრენინგების ციკლს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც ჟესტური ენის თარჯიმნებს საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა ცესკოს აპარატისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობა არჩევნებში, საარჩევნო ადმინისტრაციის სერვისები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღემდე პერიოდში და საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის პროცესში.
სამუშაო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის უფროსმა მენეჯერმა მირანდა ტყაბლაძემ და საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს.
შეხვედრის ფარგლებში ჟესტური ენის თარჯიმნებმა მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამართულ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად ნახეს თუ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი საარჩევნო აპარატები.
ტრენინგის შემდეგ ჟესტური ენის თარჯიმნები შეძლებენ ყრუ პირების ინფორმირებას მათთვის განკუთვნილი სერვისებისა და კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ.
სწავლება 17-19 სექტემბერს, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.