2024 წლის 17 სექტემბერს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს მარსელა მასკოვას შეხვდა.
შეხვედრის განხილვის საგანი არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტები იყო, რომლის მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების, სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ხელშეწყობას უკავშირდება.
სწავლების ცენტრის დირექტორმა მისიის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო საარჩევნო რეფორმის შესაბამისად განხორციელებული სერტიფიცირების გამოცდების მასშტაბური პროექტი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიების კვალიფიციური ხელმძღვანელი პირებითა და წევრებით დაკომპლექტების ამოცანას ეხმიანება.
ამასთან, ნათია ზაალიშვილმა მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს პასუხობს, ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრატორების სიღრმისეულ ინფორმირებას საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის სიახლეებზე და ემსახურება ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდებას.
შეხვედრის მნიშვნელოვან საკითხს ასევე ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის მიმართულებით შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსები და პროექტები წარმოადგენდა. ამ კუთხით განხილულ იქნა ის პრაქტიკა და სტანდარტები, რასაც სწავლების ცენტრი და საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით იყენებს.
სწავლების ცენტრის დირექტორმა, ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო სივრცის ხელმისაწვდომობაზე. ისაუბრა არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო, ცესკოსა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების როლისა და მანდატის გათვალისწინებით შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები, რომლებიც, მათ შორის, განკუთვნილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის, პოტენციური ქალი კანდიდატებისთვის, მედია საშუალებებისთვის, საჯარო მოსამსახურეებისთვის, პოლიციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის.
შეხვედრის დასასრულს, სწავლების ცენტრის დირექტორმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს გადასცა საარჩევნო სიახლეებზე ორიენტირებით მომზადებული საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები, ნათარგმნი ინგლისურ ენაზე.