სწავლების ცენტრი მნიშვნელოვნად აფასებს საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროცესის მიმართ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების გამოხატულ ინტერესს და ქმნის ყველა პირობას პროცესზე დასასწრებად. ამ მიზნით, სწავლების ცენტრმა ვებგვერდზე პროაქტიულად გამოაქვეყნა ქვეყნის მასშტაბით გასამართი საარჩევნო კომისიების ტრენინგების დეტალური გრაფიკები, რომელიც მიემართება დამკვირვებლების ინფორმირებას, პროცესზე დაკვირვების განხორციელების მიზნებისთვის.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებისა და ღია კომუნიკაციის პლატფორმის ფორმატში, სწავლების ცენტრი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ინფორმაციის გაზიარებას არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე საინფორმაციო-სასწავლო პროექტების შესახებ.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამები და სასწავლო რესურსები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს პასუხობს. მათი გათვალისწინებით, სატრენინგო პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები დეტალურად ეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.
სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თითოეული ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ კენჭისყრის პროცედურების ორგანიზებულად წარმართვა; კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობის უზრუნველყოფა. საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით, აქცენტი კეთდება აპარატებით მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებზე.
საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადების პროგრამა შედგენილია სწავლების ცენტრის მიერ ამ მიზნებისთვის შემუშავებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების საფუძველზე, რომელიც დამტკიცებულია ცესკოს დადგენილებით და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (გამოქვეყნებულია სწავლების ცენტრის ვებგვერდზე). კენჭისყრის პროცესის ყოველმხრივი განჭვრეტადობის სტანდარტის დაცვით, სახელმძღვანელო ინსტრუქციები და მის საფუძველზე შემუშავებული სასწავლო პროგრამები დეტალურად აღწერს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შესასრულებელ ფუნქციებს და ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი საარჩევნო სერვისების ასპექტებს. ვიზუალიზირებული მასალით მაქსიმალურად წარმოჩენილია კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებული ელექტრონული აპარატების ფუნქციონალის საკითხები.
ამდენად, სწავლების ცენტრი მიესალმება ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ დაესწრონ და მანდატის ფარგლებში დააკვირდნენ სწავლების პროცესს, რაც დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მხარდაჭერის საერთო მიზანს უკავშირდება.
ამასთან, სწავლების ცენტრი განსაკუთრებულად აფასებს პარტნიორულ ურთიერთობას საოლქო საარჩევნო კომისიებთან, რომლებიც კოორდინაციას უწევენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ინფორმირებას ტრენინგზე დასასწრებად და ახორციელებენ ზედამხედველობას ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სწავლების ცენტრი მიესალმება ცესკოს მიერ 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე გაკეთებულ მიმართვას, რომ მოხდეს სატრენინგო პროცესების შეუფერხებლად განხორციელების მხარდაჭერა საოლქო საარჩევნო კომისიების ყველა წევრის მხრიდან.