2024 წლის 10 სექტემბერს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს, რიში დატას შეხვდა.
ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საარჩევნო პროცესების წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრის დირექტორმა დეტალურად განიხილა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამები. როგორც ნათია ზაალიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით საარჩევნო პერიოდში მიმდინარე სასწავლო პროგრამები არის მნიშვნელოვანი ნაწილი მასშტაბური პროექტისა, რომლის იმპლემენტაცია წლის დასაწყისიდანვე, არასაარჩევნო პერიოდში, დაიწყო და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიონალიზმის განმტკიცებას, ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად.
საარჩევნო კომისიების კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების ხელშეწყობის საკითხზე, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს ასევე მიეწოდა ინფორმაცია სერტიფიცირების საგამოცდო ციკლის შესახებ, რომლის ადმინისტრირება სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში უწყვეტ რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.
შეხვედრის ფორმატში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის ასპექტებზე. პარტნიორობის ფორმატში შემუშავებული საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოები და დანერგილი სხვადასხვა ფორმატის სერვისები ნებისმიერ ამომრჩეველს, დაინტერესებულ პირს, აძლევს საარჩევნო ინფორმაციაზე თანაბარ წვდომას და საარჩევნო პროცესში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას. ამ მიმართებით სწავლების ცენტრის დირექტორმა ისაუბრა ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის მექანიზმებზე, ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებით შემუშავებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტებსა და შექმნილ საჯარო პლატფორმაზე.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კარგი პრაქტიკის შესაბამისად, სწავლების ცენტრი განგრძობითი თანამშრომლობის საფუძველზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას დაგეგმილ აქტივობებზე. სწავლების ცენტრი მნიშვნელოვნად აფასებს ინსტიტუციის საქმიანობის მიმართ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მაღალ ინტერესს, რაც საერთო მიზანს - დემოკრატიული საარჩევნო პროცესების მხარდაჭერას ემსახურება.