საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ცესკო და სწავლების ცენტრი მნიშვნელოვანი დატვირთვით აგრძელებს საქმიანობას საარჩევნო სიახლეებზე ინფორმირების მიმართულებით.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული საინფორმაციო რესურსები და სახელმძღვანელო ინსტრუქციები საჯარო პლატფორმის არსებითი ნაწილია, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საარჩევნო ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობას და ემსახურება რეგულაციებზე, წესებსა და პროცედურებზე ერთგვაროვანი გაგების/აღქმის ჩამოყალიბებას.
ამ მიმართებით საგულისხმოა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები, რომელიც ცესკომ და სწავლების ცენტრმა ახალი კონცეფციით შეიმუშავა. აქცენტი გაკეთდა ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა ამომრჩევლების სერვისზე ორიენტირებულობა, პრაქტიკულობა, შემეცნებითი და ამავდროულად მარტივად აღსაქმელი კონტენტი.
ამასთან, რესურსებში ჩაიშალა საარჩევნო ადმინისტრატორების და არჩევნებში ჩართული მხარეების ეთიკის სტანდარტები, უფლებრივი მდგომარეობა და საქმიანობის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები. აღნიშნული ემსახურება როგორც ფუნქციების ეფექტიანად აღსრულების პროცესის ხელშეწყობას, ისე ცნობიერების განმტკიცებას, ამომრჩევლის ინტერესზე ორიენტირებით, პროფესიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხზე.
საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით, სახელმძღვანელო ინსტრუქციებში პროფილურად განხილულია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარების პროცედურები.
ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების სახელმძღვანელო პრინციპზე დაფუძნებით, სიახლის სახით, სახელმძღვანელოებში წარმოდგენილია კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შესასრულებელი ფუნქციების შესაბამისად გამოსაყენებელი საორიენტაციო „ტექსტ-ბოქსები“, რაც ითვალისწინებს ამომრჩევლებისთვის სერვისის განხორციელებისას ერთგვაროვანი სტანდარტის, კარგი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.
კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების დანერგვით შემოტანილ ცვლილებებთან ადაპტირების ხელშეწყობის მიზნით, სახელმძღვანელოები გამდიდრდა მნიშვნელოვანი ვიზუალიზირებული მასალით, რომელიც თვალსაჩინოს ხდის ელექტრონული აპარატების ფუნქციონალს და მისი მართვის ტექნიკას.
ამასთან, სახელმძღვანელოების მომხმარებლების ინტერესის გათვალისწინებით, შემუშავდა თემატური კითხვები, ასახულია ყოველი თემის ბოლოს და იძლევა ცოდნის თვითშეფასების შესაძლებლობას.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, საინფორმაციო-სასწავლო მასალა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ითარგმნა ეთნიკური უმცირესობებისთვის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების საარჩევნო სიახლეებზე ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა ასევე უზრუნველყო სახელმძღვანელო ინსტრუქციების თარგმნა ინგლისურ ენაზე.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომია ბმულებზე: