საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების განხორციელება დაიწყო, რაც ტრენერთა კორპუსის გადამზადებას ითვალისწინებს.
პროექტი მასშტაბურია, სწავლებას 226 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიურ ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ.
ტრენერთა ტრენინგი 2024 წლის 19 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ღონღაძემ გახსნეს.
ცესკოს თავმჯდომარემ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჩასატარებლად ახორციელებს. ამ მიმართებით IFES-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მოცულობით სამუშაოებზე, რაც მიზნად ისახავს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაძლიერების ხელშეწყობას. სწავლების ცენტრის დირექტორმა, თავის მხრივ, მონაწილეებს არჩევნებისთვის შემუშავებული სატრენინგო კონცეფცია გააცნო, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და ემსახურება კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადების სტრატეგიული ამოცანის შესრულებას.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სასწავლო პროგრამების იმპლემენტაციის მიზნით, ტრენერები გადამზადებას გაივლიან ორი პროფილური მიმართულებით:
ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესასრულებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის სერვისების განხორციელების პროცესში. სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თითოეული ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა, არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა, პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა. ამ ჭრილში განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (კანონიერება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი), ეთიკის ნორმები და საუბნო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს შემდეგი სისტემით ჩაატარებენ:
ამასთან, ტრენერები უზრუნველყოფენ ტრენინგების დამატებითი ეტაპის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის შეცვლილი წევრები და ის წევრები, ვინც ვერ დაესწრნენ განვლილი ტრენინგების ეტაპს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს კომბინირებული სწავლების მეთოდოლოგიით განახორციელებენ. გათვალისწინებულია სიმულაციები და როლური თამაშები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის, ხმის მიცემის პროცედურული სიახლეების, ხმების დათვლის პროცესის წარმართვის გაანალიზება-შესწავლის მიზნით. პრაქტიკული სავარჯიშოების მაქსიმალური დატვირთვით წარიმართება ტრენინგები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების წესის სწავლებასთან დაკავშირებით.
ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2024 წლის 14 სექტემბრიდან - 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებენ. დეტალური გრაფიკები ტრენინგების დაწყებამდე ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გასაჯაროვდება.
არჩევნებისთვის ტრენერთა კორპუსის გადამზადების პროგრამას სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.