საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეებით დაკომპლექტების სტრატეგიული ამოცანის შესაბამისად, ცესკო და სწავლების ცენტრი უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა ფორმატის მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. ამ მიზნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უკავშირდება.
საგამოცდო პროცესი ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეს ენიჭება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, რომლის ფლობა კანონმდებლობის მიხედვით სავალდებულოა ცესკოში და საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამის პოზიციებზე ასარჩევად/დასანიშნად. აღნიშნული სერტიფიკატი ვალიდურია ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელი პირის და წევრის პოზიციისთვის.
2024 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების 2 გამოცდა ჩაატარა. არეალმა მოიცვა 11 მუნიციპალიტეტი, საგამოცდო ლოკაციებზე ჯამში 12 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა: თბილისი (2 საგამოცდო ცენტრი), თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი და ბათუმი.
გამოცდის ჩაბარების მსურველ მოქალაქეთა სერვისზე ორიენტირებით, პროფილურად შემუშავებული საგამოცდო ტესტები პროაქტიულად გასაჯაროვდა ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე. ამასთან, სწავლების ცენტრმა დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, უფასო მომსახურების ფორმატში, სერტიფიცირების გამოცდის მოსამზადებელი სასწავლო კურსი განახორციელა.
2024 წელს ჩატარებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდების შედეგები:
გამოცდა |
გამოცდაზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა |
გამოცდაზე გამოცახდებულ პირთა რაოდენობა |
შედეგების მიხედვით სერტიფიცირებულ პირთა რაოდენობა |
2024 წლის 27 თებერვალს გამოცხადებული |
970 |
591 (61%) |
475 (80%) |
2024 წლის 24 ივნისს გამოცხადებული |
796 |
523 (66%) |
343 (66%) |
ჯამი |
1 766 |
1 114 (63%) |
818 (73%) |
სერტიფიცირებულ პირთა პლატფორმის მიხედვით, გასულ წლებსა და მიმდინარე წელს სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული საგამოცდო ციკლის მონაცემების შეჯამებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის მოქმედი სერტიფიკატის მფლობელ პირთა რაოდენობა შეადგენს 3 670-ს (2024 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით).
გამოცდების მიმდინარეობას, სხვადასხვა ეტაპზე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდნენ: ააიპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ააიპ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია; ააიპ ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის. ცესკო და სწავლების ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისთვის.