ცესკომ და სწავლების ცენტრმა, 2024 წლის 26 თებერვლიდან 7 მარტის პერიოდში, საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგების ჩართულობით მასშტაბური საინფორმაციო პროექტი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ განახორციელა.
პროექტი სიახლეს წარმოადგენს და ახალგაზრდა თაობის სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლების კომპლექსური ამოცანის შესრულებას ემსახურება. ამ მიზნით, სწავლების ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები 22 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოქმედ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (თბილისი, მცხეთა, დუშეთი, საგარეჯო, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გორი, ხაშური, ახალციხე, ახალქალაქი, ქუთაისი, წყალტუბო, ზესტაფონი, ამბროლაური, ოზურგეთი, ჩოხატაური, ხობი, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი). შეხვედრებში მონაწილეობა 533-მა პირმა მიიღო, მათ შორის 473 საჯარო სკოლის 478-მა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და 23 საგანმანათლებლო რესურსცენტრის 55-მა წარმომადგენელმა (ქალი - 455; კაცი - 78).
საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ ითვალისწინებს შემდგომში არჩევნების მოდულზე საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის ხელშეწყობას და მოსწავლეებისთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარებას. ამ მიზნებისთვის პედაგოგებს გადაეცათ სპეციალურად მომზადებული დამატებითი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მოიცავს განსახილველ საარჩევნო თემატიკას, თემის განვრცობისთვის განკუთვნილ საკითხავ მასალას, პრაქტიკული სავარჯიშოებს და სარეკომენდაციო მითითებებს ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ. ამასთან, შეხვედრების მონაწილეებთან განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები. პედაგოგები ასევე პრაქტიკაში გაეცნენ ელექტრონული აპარატებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში.
სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა პოზიტიურად შეაფასეს პროექტი, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდებზე, ვისაც ახლო მომავალში პირველად ექნებათ შეხება არჩევნებთან. უკუგების ფორმატში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გადაცემული სასწავლო მასალა, გამოყენებული როლური თამაშები/სიმულაციები და გაზიარებული სასწავლო მეთოდოლოგია მორგებულია მოსწავლეების ასაკთან, ინტერესებთან და ხელს შეუწყობს საარჩევნო სიახლეების გაცნობასა და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის გათავისებაში.
ცესკომ და სწავლების ცენტრმა საინფორმაციო პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელა.