2023 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი თამარ ცერცვაძე შედიოდნენ, ევროპის საბჭოს ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო ღონისძიების მთავარ განსახილველ საკითხს საარჩევნო პროცესების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით საარჩევნო სასწავლო ცენტრების როლის მნიშვნელობა წარმოადგენდა.
კონფერენცია კლაუდია ლუჩიანიმ - ევროპის საბჭოს ადამიანური ღირსების, თანასწორობის და მართვის დირექტორი, სვეტლანა გელევამ - ელჩი, ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი, რაპორტეურის ჯგუფის თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტში და დენიელ პოპესკუმ - ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს 2023 წლის მაისში, ქალაქ რეიკიავიკში გამართულ სამიტზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მეთაურების მიერ მიღებულ დეკლარაციაზე, რომლის თანახმად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად არსებითი როლი საარჩევნო განათლებას, სწავლებებს და ტრენინგებს ენიჭება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგში გამართული ორდღიანი კონფერენცია საარჩევნო სასწავლო ცენტრების ინსტიტუციონალიზაციის, მათი გაძლიერებისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბების საკითხს დაეთმო.
კონფერენციაზე მონაწილეებმა კარგი პრაქტიკის მაგალითები განიხილეს, რომელთა შორის საქართველოში მოქმედი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) წარმატებული საქმიანობა დასახელდა.
ევროპის საბჭოს მიერ ექსპერტად მიწვეულმა საქართველოს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში მოქმედი სწავლების ცენტრის მანდატი, მისია, როლი და გაუზიარა სასარგებლო პრაქტიკული გამოცდილება; მან მონაწილეებს დეტალურად გააცნო სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროგრამები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საარჩევნო ტრენინგების კონცეფცია, ასევე ისაუბრა საარჩევნო სწავლებების სტანდარტიზაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართებით საარჩევნო სასწავლო ცენტრებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
საქართველოს დელეგაციის წევრმა, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ცერცვაძემ კონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესის დიგიტალიზაციის ძირითადი ასპექტები განიხილა და ამ მიმართულებით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ იმსჯელა.
საარჩევნო სასწავლო ცენტრების საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ საკონფერენციო თემაზე მოხსენებები წარადგინეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, საერთაშორისო ორგანიზაცია IDEA-ს, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა.
2023 წლის 28-29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია 21 ქვეყნიდან წარმოდგენილი დელეგაციების მონაწილეობით ჩატარდა.