საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით სასწავლო ვიზიტებს აგრძელებს. ამჯერად, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ბულგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ კარგ პრაქტიკაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური და ლოგისტიკური საკითხები, საინფორმაციო კამპანია, ამომრჩეველთა განათლება, მედიის როლი, დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ცესკოს წარმომადგენლებმა იმ ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება გამართეს, რომელსაც საარჩევნო პროცესში იყენებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის „საინფორმაციო სერვისების“ წარმომადგენლებსაც შეხვდა. აღნიშნული ორგანიზაცია ბულგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციას სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა საარჩევნო პროცესში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებზე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
15-17 ნოემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საარჩევნო პროცესების მართვის, საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების, ასევე სწავლების ცენტრის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ევროპის საბჭოს ოფისის (CoE) მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი, პროექტის - „საქართველოში საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და მთლიანობის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა.