საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა.
გამოცდები 2023 წლის 10 – 16 ნოემბრის პერიოდში განხორციელდა. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, კომპეტენციების შესაბამისად, უზრუნველყო საგამოცდო პროცესის ორგანიზება, კომპიუტერული პროგრამების ფუნქციონირება და გამოცდის ჩატარება. მოქალაქეებს 10 მუნიციპალიტეტში გახსნილი 12 საგამოცდო ცენტრი მოემსახურა.
გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 6257 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 4788 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიკატი 4752-მა პირმა მიიღო (ქალი - 4198; კაცი - 554). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.
აღნიშნული სერტიფიცირების გამოცდა საარჩევნო რეფორმას ეხმიანება. სასერტიფიკაციო გამოცდის ციკლი წელს პირველად ორ ეტაპად ჩატარდა: I ეტაპი - 2023 წლის სექტემბერი-ოქტომბერი, II ეტაპი - 2023 წლის ნოემბერი. ჯამური სტატისტიკური მონაცემებით გამოცდისთვის ორივე ეტაპზე დარეგისტრირდა - 14381 პირი, გამოცდაზე გამოცხადდა - 10649 პირი, მათგან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატის მფლობელი გახდა 10565 მოქალაქე.