2023 წლის 10 ნოემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდების მეორე ეტაპი იწყება.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს.
სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
გამოცდაზე რეგისტრაცია:
ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნოემბერში გასამართ გამოცდაში, რეგისტრაციის გავლა შეუძლია დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, პირველი ნოემბრის 10:00 საათიდან 7 ნოემბრის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე https://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, პირველი ნოემბრიდან 7 ნოემბრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე).
გამოცდები 2023 წლის 10 ნოემბრიდან იწყება. მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია 10 მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო, ოზურგეთი და მესტია (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 2023 წლის 27 სექტემბრიდან - 4 ოქტომბრის პერიოდში გამართულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სერტიფიცირების გამოცდაზე და ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ვერ მიიღეს მონაწილეობა საგამოცდო პროცესში, შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ მიმდინარე გამოცდაზე.
გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ:
გამოცხადებულ გამოცდებზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე.
ცესკოს 2023 წლის 21 მარტის N32/2023 დადგენილებით დამტკიცებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ მიხედვით, გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდები არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, რომლებსაც გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდებათ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;
გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
ასევე, შეზღუდვა ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 2023 წლის სექტემბერში გამართულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად.
სასერტიფიკაციო გამოცდის საჯაროობა:
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2023 წლის პირველი ნოემბრის 10:00 საათიდან - 7 ნოემბრის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამისი სამდივნოს მეშვეობით: 2023 წლის პირველი ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე გასაჯაროვდა 2023 წლის 25 მაისს და დღემდე ხელმისაწვდომია ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 61 21 11