2023 წლის 25 ოქტომბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი იწყება.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს.
სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
გამოცდაზე რეგისტრაცია:
ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში გასამართ გამოცდაში, რეგისტრაციის გავლა შეუძლია დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, 14 ოქტომბრის 10:00 საათიდან 20 ოქტომბრის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე https://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 14 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდები 2023 წლის 25 ოქტომბრიდან იწყება. მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია 10 მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მესტია, ოზურგეთი (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 2023 წლის 11-16 სექტემბრის პერიოდში გამართულ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდაზე და ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ვერ მიიღეს მონაწილეობა საგამოცდო პროცესში, შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ მიმდინარე გამოცდაზე.
გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ:
გამოცხადებულ გამოცდებზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე.
ცესკოს 2023 წლის 21 მარტის N32/2023 დადგენილებით დამტკიცებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ მიხედვით, გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდები არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, რომლებსაც გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდებათ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;
გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
ასევე, შეზღუდვა ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 2023 წლის სექტემბერში გამართულ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად.
სასერტიფიკაციო გამოცდის საჯაროობა:
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ოქტომბერში გასამართ გამოცდაზე აკრედიტაციის მიღება შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2023 წლის 14 ოქტომბრის 10:00 საათიდან - 20 ოქტომბრის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე გასაჯაროვდა 2023 წლის 25 მაისს და დღემდე ხელმისაწვდომია ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 61 21 11