2023 წლის 17 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი იწყება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (გარდა კომისიის მდივნისა) გადამზადებას ეთმობა.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის ჩათვლით პერიოდში კომისიის წევრთა მიერ განსახორციელებელ ფუნქციებზე. პროგრამა ეფუძნება კეთებით სწავლების პრინციპს, ხელს უწყობს მონაწილეთა მიერ ტრენინგების განვლილ ეტაპზე მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და პრაქტიკაში ტრანსფორმირებას კენჭისყრის დღის ცალკეული ეტაპების მოდელირების გზით.
საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებს პროცედურების მოდელირებას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატებისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. ყურადღება გამახვილდება საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცედურაზე და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სპეცჯგუფის წევრების სწავლებას.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას 2023 წლის 17-21 სექტემბრის პერიოდში უზრუნველყოფენ. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დამატებითი ეტაპის ტრენინგი 2023 წლის 15 სექტემბერს განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 133 საუბნო საარჩევნო კომისიის 202-მა წევრმა. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.