2023 წლის 11 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
აღნიშნული პროცესი საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს. გამოცდის შესახებ და მისთვის მოსამზადებლად მოქალაქეთა ინფორმირების კამპანია მაისიდან ხორციელდება. გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 6299-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც, გამოცდაზე ჯამურად მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით 91%-ს შეადგენს (საგამოცდო ცენტრების მიხედვით რეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე).
სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზების მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა კომპლექსური სამუშაოები ჩაატარეს. გამოცხადებული გამოცდისთვის საგამოცდო ცენტრები ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტში ამოქმედდა, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოქალაქეებს გამოცდის ჩასაბარებლად შერჩეულ ლოკაციებზე მომსახურებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული გამოცდის სამდივნოების წევრები გაუწევენ.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ:
გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, საგამოცდო თარიღისა და დროის დაცვით.
საგამოცდო დარბაზში დაშვების პროცედურის გავლის მიზნებისთვის, მოქალაქე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება: საგამოცდო დარბაზის დატოვება; ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება; გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება.
გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე, დაგვიანებით გამოცხადდება, ან გამოცდის მიმდინარეობისას დაარღვევს დადგენილ წესებს მოიხსნება გამოცდიდან.
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები, რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, ხელმისაწვდომია ბმულზე.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.