საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ტარდება.
აღნიშნული სიახლეს წარმოადგენს და საარჩევნო რეფორმას ეხმიანება, რომლის თანახმად, სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად (საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს.
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2023 წლის სექტემბერში და ოქტომბერში გაიმართება. გამოცდაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია შესაძლებელია გაიაროს და მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ სასერტიფიკაციო გამოცდაში - სექტემბერში ან ოქტომბერში.
სერტიფიცირების გამოცდებზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
სექტემბერში გასამართ გამოცდაზე რეგისტრაცია:
ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სექტემბერში გასამართ გამოცდაში, რეგისტრაციის გავლა შეუძლია დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, 2 სექტემბრის 10:00 საათიდან 8 სექტემბრის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე https://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდები 2023 წლის 11 სექტემბრიდან იწყება. მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია 16 მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - მცხეთა, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, შუახევი (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
ოქტომბერში გასამართ გამოცდაზე რეგისტრაცია:
ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში გასამართ გამოცდაში, რეგისტრაციის გავლა შეუძლია დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, 14 ოქტომბრის 10:00 საათიდან 20 ოქტომბრის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე https://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 14 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე).
გამოცდები 2023 წლის 25 ოქტომბრიდან იწყება. მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია 8 მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ:
გამოცხადებულ გამოცდებზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე.
ცესკოს 2023 წლის 21 მარტის N32/2023 დადგენილებით დამტკიცებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ მიხედვით, გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდები არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, რომლებსაც გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდებათ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;
გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
სასერტიფიკაციო გამოცდის საჯაროობა:
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სექტემბერში გასამართ გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2023 წლის 2 სექტემბრის 10:00 საათიდან - 8 სექტემბრის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2023 წლის 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.
ოქტომბერში გასამართ გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2023 წლის 14 ოქტომბრის 10:00 საათიდან - 20 ოქტომბრის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე გასაჯაროვდა 2023 წლის 25 მაისს და დღემდე ხელმისაწვდომია ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)