სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიულ ფაკულტეტსა და მასთან არსებულ საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით პროექტი „სტუდენტური დებატ - კლუბი 2023“ განახორციელა. პროგრამა საინფორმაციო - სასწავლო ხასიათისაა, მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო კულტურის განმტკიცების ხელშეწყობას და ამასთან, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას კონსტრუქციული, არგუმენტებზე დაფუძნებული დებატების მნიშვნელობაზე.
პროექტის „სტუდენტური დებატ - კლუბი 2023“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის I-III კურსის 36 სტუდენტი, რომლებიც 12 გუნდში გადანაწილდნენ (თითო გუნდში 3 მონაწილე). სწავლების ცენტრმა პროექტში მონაწილე ახალგაზრდები დებატების წარმართვის ტექნიკაზე გადაამზადა; ყურადღება გამახვილდა ისეთ ელემენტებზე როგორიცაა: დებატების სტრუქტურა და რეგლამენტი, არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოძიება-დამუშავება, საჯარო გამოსვლების ტექნიკა. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ასევე გაეცნენ საქართველოში კენჭისყრის პროცესში რეფორმის შესაბამისად შემოტანილ ტექნოლოგიურ სიახლეებს და უშუალოდ ჩაერთნენ ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის სიმულაციაში.
დებატების ტურნირი შემდეგი სისტემით განხორციელდა: შესარჩევ ეტაპზე 12 გუნდიდან მეოთხედფინალში 8 გუნდი გადავიდა; მეოთხედფინალის შედეგების მიხედვით ნახევარფინალისთვის 4 გუნდი შეირჩა, რომელთაგან ფინალში დებატები საუკეთესო შედეგის მქონე 2 გუნდს შორის გაიმართა.
ტურნირზე ფინალში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინეს მსაჯებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე და თსუ-ს აკადემიური სექტორიდან მოწვეული პირები. ფინალის სადებატო თემატიკა მოიცავდა მსჯელობას შემდეგ საარჩევნო საკითხზე: „ამომრჩეველთა ერთიანი სია არ უნდა იყოს მუდმივი და უნდა ფორმირდებოდეს ყოველი მომდევნო არჩევნების წინ“ (შეფასების კრიტერიუმად გათვალისწინებული იყო საკითხის განხილვა მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ჭრილში).
ტურნირის დასრულებისას მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ბერულავამ ფინალისტებს გადასცეს სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებები. გამარჯვებული გუნდი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ გარდამავალი თასით დააჯილდოვა. ფინალი 2023 წლის 27 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა.
ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობით აგრძელებს ისეთი საინფორმაციო-სასწავლო პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ახალგაზრდების ინტერესის გაღრმავება საარჩევნო პროცესების მიმართ და მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.