2023 წლის 24 აპრილს შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი გაიმართება. აღნიშნული წარმოადგენს გადამზადების შემაჯამებელ ეტაპს, რომლის სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი).
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგზე განიხილება საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მანდატს მიკუთვნებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; საარჩევნო უბნის დახურვიდან ხმების დათვლის პროცესის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა; კენჭისყრის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.
განგრძობითი სწავლების ფორმატში, იმ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, იმუშავებენ კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე, რომლის მეშვეობითაც 29 აპრილს, კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოემსახურებიან ამომრჩევლებს.
III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.