2023 წლის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ ტრენერები უზრუნველყოფენ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას.
როგორც ცნობილია, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები 10 საარჩევნო ოლქში შექმნილ 117 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის 4 საარჩევნო ოლქში შექმნილ 47 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე გაიმართება. სწორედ აღნიშნულ სიახლეებზე ორიენტირებით და კენჭისყრის ჩატარების პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით სწავლების ცენტრმა შეიმუშავა შესაბამისი სასწავლო პროგრამები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის.
ტრენერთა ტრენინგი სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ცაბაშვილმა გახსნეს. მათ საარჩევნო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ პროცედურულ სიახლეებზე და კენჭისყრის პროცესის საორგანიზაციო/ლოჯისტიკურ საკითხებზე.
სწავლების ცენტრის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებთან დაკავშირებით შემუშავებული კონცეფციები, რომლის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდება პროფილურად, სამ ეტაპად; ასევე, გათვალისწინებულია დამატებითი ეტაპის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის შეცვლილი წევრები და ის წევრები, ვინც ვერ დაესწრნენ განვლილი ტრენინგების ეტაპს.
ტრენერთა ტრენინგი 20 მარტს დაიწყო. სწავლების ცენტრის ოთხ დღიან გადამზადების კურსს 65 ტრენერი გაივლის.
გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის პროცედურულ ტრენინგებს 11 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჩაატარებენ. ტრენინგების დაწყებამდე დეტალური გრაფიკები გასაჯაროვდება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.