ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.
ამ ეტაპზე სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამას საარჩევნო სამართალში, იურიდიული კლინიკის ფორმატში, ალტე უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტები გადიან. პრაქტიკული სწავლების კომპონენტებით დატვირთული პროგრამის მონაწილე ახალგაზრდები საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს ხვდებიან.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა 2022 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართა, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი თემატიკის განხილვას დაეთმო, როგორიცაა: დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის უარყოფითი გავლენა საარჩევნო პროცესებზე. აღნიშნულ საკითხებზე სტუდენტებს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო - ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენელი ნოდარ მელაშვილი შეხვდნენ. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის პრევენციის მიზნით ცესკოს მიმდინარე აქტივობებს, მათ შორის მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით განხორციელებულ სასწავლო-საინფორმაციო პროექტებთან დაკავშირებით, რაც ორიენტირებულია საარჩევნო პროცესებისა და სიახლეების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობის ზრდაზე.
ახალგაზრდებთან შეხვედრა ჰიბრიდული მეთოდოლოგიის გამოყენებით (პირისპირი და დისტანციური ფორმატი) ჩატარდა. მომზადებული საინფორმაციო მასალები ასევე აიტვირთა სტუდენტებისთვის განკუთვნილ პორტალ არგუსზე სასწავლო მასალების განყოფილებაში.
2022 წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული კლინიკის პროგრამის ბენეფიციარი 140-მდე სტუდენტია. აღნიშნული სასწავლო პლატფორმა საარჩევნო მიმართულებით ახალგაზრდების პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და სამოქალაქო ცნობიერების განმტკიცებას ისახავს მიზნად.