საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გათვალისწინებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), საარჩევნო ადმინისტრაციაში ახლად დანიშნული/არჩეული თანამშრომლებისთვის საორიენტაციო-სასწავლო პროგრამებს ახორციელებს.
2022 წლის 31 ოქტომბერს საორიენტაციო სწავლება 6 საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წარმომადგენელს ჩაუტარდა (N18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია; N26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია; N45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია; N63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია; N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია; N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია).
სწავლების ცენტრის თანამშრომელმა „საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ“ საორიენტაციო სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებთან შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და არჩევითი სახელმწიფო ორგანოები საქართველოში; დემოკრატიული არჩევნების სახელმძღვანელო პრინციპები და საკანონმდებლო ჩარჩო; საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტით განსაზღვრული მუშაობის წესი; ცესკოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 მაისის N01-85 ბრძანებით განსაზღვრული რეგულაციების მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით; საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა საქართველოს საარჩევნო პროცესში. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი მონაწილეებს გააცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურა და შიდა ნორმატიული აქტები (რეგლამენტი, შინაგანაწესი).
საორიენტაციო-სასწავლო პროგრამები ხელს უწყობს ახლად დანიშნული/არჩეული თანამშრომლების სოციალიზაციის პროცესის წარმატებით გავლას, კორპორატიული განწყობის ჩამოყალიბებას და ქმნის თანამშრომლის პროფესიული საქმიანობით დადებითი შედეგების მიღების საფუძველს.