სექსუალური შევიწროების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილმა გახსნეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მთავარი მიზანია ცესკოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანი ამოქმედებისა და გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს ხელშესაწყობად.
„საქართველო საარჩევნო ადმინისტრაცია გახლავთ ერთ-ერთი იმ უწყებათაგან, რომელმაც უზრუნველყო სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვა და შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრა. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის დაიგეგმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმის ეფექტიანი იმპლემენტაცია“,- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
როგორც საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილმა შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა:„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანერგა სექსუალური შევიწროების გასაჩივრების და პრევენციის მექანიზმი და დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში კომისიის წევრებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და სხვა კოლეგებს ვესაუბრებით უშუალოდ რა ფენომენია სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას, როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და როგორ უნდა გაუმჯობესდეს შიდა უწყებრივი პასუხი ასეთ შემთხვევებზე“.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში ცესკოს გენდერული საბჭოს წარმომადგენლები, ცესკოს წევრები, სწავლების ცენტრისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. ასევე დაგეგმილია თემატური შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან და ტრენერთა ტრენინგი ამ მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრა დღეს, ცესკოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.