2022 წლის 28-29 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან თანამშრომლობით, ჩაატარა ტრენინგი თემაზე - „საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება“.
ტრენინგზე პოლიტიკური პარტიების ქალმა წარმომადგენლებმა იმსჯელეს საერთაშორისო და ადგილობრივ ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესებში გენდერულ თანასწორობას. მონაწილეებმა ასევე შეიძინეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები.
ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ფრანკ დეშლერმა, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაია ზარიძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ და ნათია ზაალიშვილმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს საარჩევნო პროცესებში ქალთა როლის მნიშვნელობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა აქტიური მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობაზე.
პოლიტიკური გაერთიანებების - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის, ევროპული საქართველო, გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი, საქართველოსთვის, ევროპელი სოციალისტები და საქართველოს ევროპელი დემოკრატები - ქალმა წარმომადგენლებმა განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი თემები: საარჩევნო სისტემებისა და გენდერული კვოტების გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე; პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობისას არსებული ბარიერები - გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა ციფრულ სამყაროში; დებატების კულტურა; ლიდერობა და კომუნიკაციის სტრატეგიები. სესიების ფარგლებში მონაწილეები პარალელურად ეცნობოდნენ ევროპის საბჭოს სტანდარტებს და სხვა საერთაშორისო პრაქტიკას გენდერული თანასწორობის საკითხებში, გადაწყვეტილების მიღებისას მამაკაცებისა და ქალების დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
საარჩევნო რეფორმის ნაწილში დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობის მიზნით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების შესახებ. მეტი თვალსაჩინოებისთვის მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის სიმულაციაში.
ორდღიანი ინტენსიური საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერებმა და ევროპის საბჭოს მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს. აღნიშნული პროექტი ეხმიანება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომელიც ითვალისწინებს ქალთა საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი მექანიზმების გაძლიერებას.