2022 წლის 26 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების IV ეტაპი გაიმართება. აღნიშნული წარმოადგენს გადამზადების შემაჯამებელ ეტაპს, რომლის სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სამი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი).
ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, განგრძობითი სწავლების ფორმატში მონაწილეები იმუშავებენ კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე, რომლის მეშვეობითაც 1 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოემსახურებიან ამომრჩევლებს. ტრენინგზე განიხილება ასევე საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მანდატს მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, მათ შორის, როგორიცაა: არჩევნების უსაფრთხოება; კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება; კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო უბანზე გასათვალისწინებელი მედიარეგულაციები და მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები; კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შემაჯამებელი, IV ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.