საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) აგრძელებს ტრენინგების ციკლს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ცესკოს აპარატის თანამშრომლებისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული გადამზადების პოლიტიკის ფარგლებში, მონაწილეები ეტაპობრივად გადიან თემატურ საინფორმაციო სასწავლო პროგრამებს.
პირველ ეტაპზე, 19-20 სექტემბრის პერიოდში, სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები ატარებენ ტრენინგს თემაზე „ეთიკის მენტორინგი და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან თავის შეკავება“. მონაწილეები გაეცნობიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ეთიკის სტანდარტებს, მათ შორის, კანონიერების, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, ინტერესთა შეუთავსებლობის, კოლეგიალობისა და კომუნიკაციის, გამოხატვის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების არსსა და მოხელის საქმიანობაში მათი დაცვის მნიშვნელობას. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის განხილვისას ასევე ყურადღება გამახვილდება წინასაარჩევნო აგიტაციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მონაწილეობის შეზღუდვებზე.
მომდევნო ეტაპზე, 21-22 სექტემბერს, ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან პარტნიორობით, წარიმართება საინფორმაციო კურსი „არჩევნები და გენდერული თანასწორობა“, რომლის ფარგლებშიც საბჭოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები განიხილავენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის პროფესიული საქმიანობის სტანდარტებს, რაც მიმართულია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვასა და არადისკრიმინაციული გარემოს განმტკიცებაზე. მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან ადგილობრივ საკანონმდებლო ჩარჩოს და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საერთაშორისო ინსტრუმენტებს; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკას და ამ მიმართებით ცესკოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 მაისის N01-85 ბრძანებით განსაზღვრული რეგულაციების მნიშვნელოვან ასპექტებს საარჩევნო ადმინისტრაციაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით.
ვრცელი სატრენინგო ციკლი ითვალისწინებს ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის პროფილურად შრომის კოდექსის ძირითადი ასპექტების/სიახლეების გაცნობას. ამ ნაწილში, 23-26 სექტემბრის პერიოდში სწავლების ცენტრი 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებთან განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საკანონმდებლო რეგულაციები საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან და სამსახურებრივ შეუთავსებლობასთან მიმართებით; შრომის კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკული ასპექტები საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში (მათ შორის სასამართლო პრაქტიკა, საერთაშორისო გამოცდილება) და შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხები.
ტრენინგების ციკლი დისტანციურად, Zoom პლატფორმის მეშვეობით, ხორციელდება. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ცესკოს აპარატის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კომპლექსური პროგრამა მიზნად ისახავს ორგანიზაციული კულტურის განმტკიცებასა და პროფესიული უნარების გაძლიერებას.