სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. აღნიშნულ საკითხებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად.
№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 3 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერი. ტრენინგების სისტემის შესაბამისად სასწავლო პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად, აქედან საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას ორი ეტაპი დაეთმობა.
პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით კომისიების წევრები დეტალურად გაეცნობიან კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების ტექნიკურ და საორგანიზაციო/პროცედურულ საკითხებს.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გადაეცემათ საპილოტე პროექტისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო ინსტრუქცია. ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნებისთვის საარჩევნო უბნებზე განთავსდება ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო პოსტერები, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის წარმართვას ასახავს.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 2022 წლის 31 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. პირველი ეტაპის გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.