ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საგანმანათლებლო პროექტი „ახალგაზრდული ბანაკები“ დაიწყო. პროექტი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია მესამე წელია წარმატებით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირება და საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის ზრდა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
“საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ახალგაზრდული ბანაკები კი სწორედ ასეთი პროექტია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. ახალგაზრდების გააქტიურება და საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, 240 ახალგაზრდა 4 დღის განმავლობაში ინფორმაციას მიიღებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების ისტორია, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები, საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, გენდერი და არჩევნები, აბსენტეიზმი, პერსონალური მონაცემების დაცვა, არჩევნების უსაფრთხოება, მედიასთან კომუნიკაცია, დეზინფორმაცია, დებატების კულტურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საგანმანათლებლო საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებაც.
სწავლებას საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები, მოწვეული ექსპერტები და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან.
„ახალგაზრდული ბანაკები“ ცესკოს საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და საარჩევნო პროცესებისადმი მონაწილეთა ინტერესის გაღრმავება, ასევე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესახებ.