სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიულ ფაკულტეტსა და მასთან არსებულ საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით პროექტი „სტუდენტური დებატ - კლუბი 2022“ განახორციელა. პროგრამა საგანმანათლებლო ხასიათისაა, მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო კულტურის განმტკიცების ხელშეწყობას და ამასთან, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას კონსტრუქციული, არგუმენტებზე დაფუძნებული დებატების მნიშვნელობაზე.
პროექტის „სტუდენტური დებატ - კლუბი 2022“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად ტურნირში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის I-III კურსის 36 სტუდენტი, რომლებიც 12 გუნდში გადანაწილდნენ. სწავლების ცენტრმა პროექტში მონაწილე ახალგაზრდები დებატების წარმართვის ტექნიკაზე გადაამზადა; ყურადღება გამახვილდა ისეთ ელემენტებზე როგორიცაა: პრეზენტაციის უნარები, სწრაფი აზროვნება და მოკლე დროში გუნდური გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავება, მომხსენებლის (სპიკერის) როლის მორგება და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარების ჩამოყალიბება, ეთიკური ქცევის პრინციპები (კორექტულობა, მოწინააღმდეგე გუნდის პატივისცემა).
დებატების ტურნირი შემდეგი სისტემით განხორციელდა: შესარჩევ ეტაპზე 12 გუნდიდან მეოთხედფინალში 8 გუნდი გადავიდა; მეოთხედფინალის შედეგების მიხედვით ნახევარფინალისთვის 4 გუნდი შეირჩა, რომელთაგან ფინალში დებატები საუკეთესო შედეგის მქონე 2 გუნდს შორის გაიმართა.
ტურნირზე ნახევარფინალში და ფინალში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინეს მსაჯებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს წევრები, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი, ცესკოს სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და აკადემიური სექტორიდან მოწვეული პირები. სადებატო თემატიკა მოიცავდა მსჯელობას შემდეგ საარჩევნო საკითხებზე: „პარტიებს უნდა ჰქონდეთ უფლება გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკებში“ და „კენჭისყრის პროცედურები უნდა ჩატარდეს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით“.
ნახევარფინალი და ფინალი 2022 წლის 16 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა. დებატების ტურნირის მოდერაცია სწავლების ცენტრისა და საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის წარმომადგენლებმა განახორციელეს. ტურნირის დასრულებისას მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ფინალისტებს გადასცეს სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრები და საგზური საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო პროგრამაში „ახალგაზრდული ბანაკები“ მონაწილეობის მისაღებად. ფინალში გამარჯვებული გუნდი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ გარდამავალი თასით დააჯილდოვა.
ცერემონიის ფარგლებში დებატების ტურნირის ნახევარფინალის და მეოთხედფინალის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე, ცესკოს წევრებმა მაია ზარიძე და გიორგი ჭიქაბერიძემ სტუდენტები საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტში „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მონაწილეობის საგზურით დააჯილდოვეს.
ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობით აგრძელებს ისეთი საინფორმაციო-სასწავლო პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ახალგაზრდების ინტერესის გაღრმავება საარჩევნო პროცესების მიმართ და მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.